კოლეჯ ,,ჰორიზონტის“ გორაბერეჟოულის ფილიალში გურიაში პროფესიული განათლების საუკუნოვანი ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
,,ძალიან სასიხარულო დღე არის გურიაში: 100 წლის იუბილე აღინიშნება პროფესიული სასწავლებლის დაარსებიდან.
პროფესიული განათლების განვითარება არის, ფაქტობრივად, უალტერნატივო საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს არაჩვეულებრივი შედეგები. ახალგაზრდებსა და არამხოლოდ ახალგაზრდებს, ვურჩევ, გურიასა და მის ფარგლებს გარეთ, მთელს საქართველოში, რომ ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებლებში, დაეუფლონ პროფესიებს.
უდიდესი მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე, იქედან გამომდინარე, რომ ამ კოლეჯმა უზარმაზარი ისტორია შექმნა ამ ერთი საუკუნის მანძილზე, ფაქტობრივად, გურიაში დაამკვიდრა ტრადიცია და კულტურა პროფესიული განათლების, რომელმაც უკვე მოიტანა ძალიან კარგი შედეგები და კიდევ უფრო დიდ შედეგებს მოგვიტანს მომავალში“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ.
აღსანიშნავია, რომ 100 წლის წინ გურიის რეგიონში, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომლის ტრადიციებსაც დღეს უკვე აგრძელებს პროფესიული კოლეჯი ,,ჰორიზონტი“.
კოლეჯში უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც შეისწავლება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები.