თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები.
წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჯამში 1100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან – მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების, საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე 100 წელზე მეტია ემსახურება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების საქმეს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს დიპლომამდელ (ერთსაფეხურიან, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), დიპლომის შემდგომ და უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამედიცინო და პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მრავალფეროვან არჩევანს.