ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში 11 ნოემბერს ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის 165-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა სკოლა გამორჩეულია არა მარტო იმით, რომ მისი ისტორია ლამის ორ საუკუნეს ითვლის, არამედ იმითაც, რომ ამ სკოლაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ სახელოვანი და ცნობილი ადამიანები: აკადემიკოსები: ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გიგო შარაშიძე, მწერლები: სიმონ გუგუნავა, ჭოლა ლომთათიძე, ლალიონი (არსენ მამულაშვილი), სანდრო ეული და ნესტორ მალაზონია, კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე, რეჟისორები: ალექსანდრე წუწუნავა და სიკო დოლიძე, თეატრის და კინოს ცნობილი მოღვაწენი: სანდრო ჟორჟოლიანი და ცეცილია წუწუნავა, პროფესორები: მოსე გოგიბერიძე და შალვა რადიანი, გენერლები: კონსტანტინე ლესელიძე, პორფილე ჩანჩიბაძე და სხვები. ამ სკოლის კურსდამთავრებულები დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროში.არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე ოზურგეთის N2 საჯარო სკოლამ არაერთხელ შეიცვალა სახელი, მაგრამ დარჩა ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ სკოლად. ძალიან სასიხარულოა, რომ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა დღესაც აგრძელებს თავის ტრადიციას და ახლაც წარმატებით ზრდის განათლებულ მომავალ თაობას. სკოლის კურსდამათავრებულები კარგი შედეგებით აბარებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და იღებენ საგრანტო დაფინანსებას, ყოველწლიურად იზრდება საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და, რაც მთავარია, ბოლო ხუთი წლის მანძილზე 28 ოქროს, ხოლო 37 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.
განათლების მაღალი ხარისხის გარანტი ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მაღალკვალიფიციური მასწავლებლები არიან, რომელთაც სასერტიფიკაციო გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ულოცავს 165 წლის საიუბილეო თარიღს ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მათ მშობლებს, კურსდამთავრებულებს და მთლიანად ქალაქს. ვიმედოვნებ, რომ ეს სკოლა კიდევ მრავალ სახელოვან მამულიშვილს აღუზრდის ქვეყანას და ის დიდი ისტორია, რომელზეც ახლა სიამაყით ვსაუბრობთ, წარმატებით გაგრძელდება -განაცხადა განათლების მინისტრმა.