საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს 2017 წელს დაწყებული პროგრამის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარებას.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სკოლის ასაკში პროფესიული უნარების გამომუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს უწყობს მათი აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და ეხმარება მოზარდებს განათლების შემდგომ საფეხურზე ეფექტურ გადასვლაში. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო აცხადებს კონკურსს საუკეთესო პროექტების გამოსავლენად!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა, საჯარო სკოლასთან/სკოლებთან უნდა გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმები და მასთან/მათთან თანამშრომლობით მოამზადონ საკონკურსო განაცხადი/განაცხადები (იხ. დანართი: საკონკურსო განაცხადის ფორმა, დანართი) და წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 მარტი.
კონკურსი საშუალებას აძლევს განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას, გაერთიანდნენ და ურთიერთთანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გახადონ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.
2017 წელს განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, 138 საჯარო სკოლის 3300-მა მოსწავლემ გაიარა პროფესიული უნარების კურსები. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებულმა მონიტორინგისა და შეფასების პროცესმა ცხადყო, თუ რამდენად დიდია სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი პროგრამის მიმართ.
კურსების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გთხოვთ, იხელმძღვანელოთ შემოთავაზებული გზამკვლევით.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზს: 2 200 220
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას!