მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლებში კამპანია ,,ერთი დღე პროფესიაში“ დაიწყო. კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა აქცია - „მოსწავლე მასწავლებელი“. აქციის ფარგლებში, სკოლებმა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შესთავაზეს სასურველ საგანში, შესაბამის თემაზე მოემზადებინათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილი თანაკლასელებისთვის ან, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის. აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს სკოლების 700-მა მოსწავლემ გამოთქვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პოტენციური ავტორების მხარდაჭერის მიზნით, დაწყებითი განათლების პროექტთან (G-PriEd) ერთად, სახელმძღვანელოების ახალი პოლიტიკის, საავტორო უფლებების დაცვის, სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ტრენინგ-სემინარებს ატარებს.