საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგეგმა და განხორციელდა 2012/2013 სასწავლო წლის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვლევა, რომლის მიზანია იმ ცვლილებების ასახვა, რასაც ადგილი ჰქონდა სწავლის დასრულების შემდგომ ბენეფიციართა ცხოვრებაში.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კერძო სექტორის განვითარების პროექტისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის“ 2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კვლევები: „პროფესიულ სტუდენტთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“ და „დამსაქმებელთა განწყობების კვლევა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ 2014 წლის ანგარიში და 2015 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მეოთხე ნაკადის მსმენელთა გამოშვების საზეიმო ცერემონიაც გაიმართა. მინისტრმა თამარ სანიკიძემ, პარლამენტარებმა თინათინ ხიდაშელმა, ელისო ჩაფიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, დარგობრივი კურსების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.